Skip to content Skip to footer

13 კითხვა აქტივისტს: ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი, 34 წლის, სამართლის დოქტორანტი. 

ააიპ რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი

  1. რა არის თქვენთვის აქტივიზმი და რატომ თვლით თავს აქტივისტად?

აქტივიზმი ჩემთვის არის ინსტრუმენტი სხვა ადამიანებსაც დავანახო, რომ თითოეული ჩვენგანი მნიშვნელოვანი ვართ, თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია დავიწყოთ ადამიანების, თუნდაც, უმცირესი პრობლემების მოგვარებაზე ფიქრი, ნაბიჯების გადადგმა და როგორც მინიმუმ, გავაჟღეროთ საჯაროდ ასეთი თემები. თავს აქტივისტად იმიტომ ვთვლი, რომ მე როგორც მოქალაქე, ვცდილობ მუდმივად ვიყო სხვისი და ჩემი უფლებების სადარაჯოზე და სხვა ადამიანებსაც დავანახო, რომ რეალურად ხელისუფლების წყარო არის ხალხი. 

  1. როგორ მოხვდით აქტივიზმში – რა გახდა კატალიზატორი, ბიძგი – რამაც გამოიწვია თქვენი გააქტიურება და სამოქალაქო აქტივიზმში ჩართვა; 

ვერ ვიტყოდი, რომ რაიმე კონკრეტული შემთხვევის გამო ჩავერთე აქტივიზმში, რადგან რაც საკუთარი თავი მახსოვს, მუდმივად იყო ჩემში შინაგანად ეს ყველაფერი და ასაკის შესაბამისად გამოვხატავდი. 

  1. თქვენთვის სამოქალაქო აქტივიზმი ინდივიდუალური პოზიციაა თუ კოლექტიური საქმე? 

ვფიქრობ, ზოგადად ყველა სფეროში მნიშვნელოვანია ადამიანს, როგორც ინდივიდს, გააჩნდეს პოზიცია და შეეძლოს მისი დაცვა ან რაიმე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. რა თქმა უნდა როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი არის აქტიური და ამა თუ იმ  მოვლენას ხვდება მოწოდების სიმაღლეზე – შედეგი უფრო სწრაფად დგება, თუმცა ვფიქრობ, რომ  ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თუნდაც ერთი ადამიანის. მას შეუძლია, როგორც მინიმუმ, სხვა ადამიანები დააფიქროს ამ საკითხზე და სწორედ ამით შეუწყოს ხელი სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბებას. 

  1. პირველი პროტესტი – ფაქტები და გარემოებები, თქვენი შეგრძნებები, შეფასებები; 

პირველი პროტესტი სტუდენტობის პერიოდს უკავშირდება, თუმცა თუ  პროტესტის მასშტაბებს გავითვალისწინებთ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო წლების მოვლენები. 

  1. ნოვატორული იდეა, რომელიც თქვენ დანერგეთ/განახორციელეთ ან რომლის თანამონაწილე იყავით. იდეა, რომელიც ვერ განხორციელდა?

რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი ვახორციელებთ პროექტს „ევროპა ჩვენი მომავალია“, რაც გულისხმობს მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში, მუნიციპალიტეტსა და სოფელში მოსახლეობასთან მისვლას და ევროინტეგრაციის სიკეთეებზე საუბარს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ძალიან საინტერსო და ინოვაციური კამპანია, რომელსაც დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოყვება.  რაც შეეხება განუხორციელებელ იდეებს – იყო რამდენიმე, რომელიც ვერ განხორციელდა ამ დრომდე. იმ მომენტში გული დამწყდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ არ არსებობს განუხორციელებელი იდეები, ყველაფერი დროის საკითხია, მთავარია არ გავჩერდეთ. 

  1. „ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ..“ – დაასრულეთ წინადადება   

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ აქტივიზმს ადმიანები „სამსახურად“ აქცევდნენ 

  1. შეიცვალა თუ არა რამე  თქვენ სცხოვრებაში აქტივიზმში ჩართვის შემდეგ? როგორ იმოქმედა ოჯახის, სამსახურის, მეგობრების ურთიერთობებზე?  

კი, ძალიან შეიცვალა. ვთვლი, რომ ჩემი თავი აღმოვაჩინე და იმ საქმის კეთება დავიწყე, რაც ძალიან ბევრ დადებით ემოციას მაძლევს. ურთიერთობებზე იმოქმედა, რამდენიმე ისეთი ადამიანი ჩამომშორდ,  ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ველოდი ამას. რა თქმა უნდა გული დამწყდა, რადგან ადამიანური ურთიერთობები ჩემთვის ძალიან ძირფასია, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში უფრო მეტად მნიშვნელოვანია აწმყოსა და მომავლის შეცვლაში მონაწილეობის მიღება და თავიდან რომ ვირჩევდე, ისევ ამ გზას ავირჩევდი.

  1. თქვენი ყველაზე დიდი მიღწევა და ყველაზე დიდი შეცდომა. სხვა აქტივისტების/აქტივისტთა ჯგუფების მიღწევა და შეცდომა? 

ყველაზე დიდი მიღწევები ჯერ წინ გვაქვს, რადგან ბრძოლა გრძელდება. სხვა აქტივისტებს წარმატებებს ვუსურვებ, ეს ჩვენი საერთო ბრძოლაა და თუ რომელიმე მათგანს რეალურად დააინტერესებს კომპეტენტური აზრი მიღწევებისა და შეცდომების გარეშე, ჩვენთვისაც საინტერესო იქნება ერთად მსჯელობა. 

  1. ყველაზე ამაღელვებელი მომენტი 

ყველაზე ამაღელვებელი მომენტი ჩემთვის არის როდესაც იქ ვაღწევ შედეგს, სადაც თითქმის წარმოუდგენელი იყო რაიმეს მიღწევა. საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევები რამდენიმე ყოფილა და ამ შეგრძნებას რთულად თუ შეედრება რამე.

  1. ყველაზე სასაცილო შემთხვევა/თავგადასავალი 

სასაცილო შემთხვევა ბევრი მახსენდება, თუმცა, იმ მომენტში არც ისე სასაცილოდ გამოიყურებოდა ყველაფერი, ამიტომ დეტალებს არ ჩავუღრმავდები 

  1. რისი გეშინიათ

არ ვიცი რამდენად შეიძლება ამას ვუწოდოთ შიში, მაგრამ ძალიან ვღელავ, რომ  საქართველოში ადამიანებმა საბოლოოდ არ დაკარგონ რწმენა, რომ მათ რეალურად შეუძლიათ იყვნენ თავიანთი „თავის-უფალი“. 

  1. რას ნანობთ

ვნანობ, რომ უფრო ადრე არ გავაქტიურდი. ერთადერეთი, რაც მუდმივად მიდის და არასდროს მოდის არის დრო, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ხანგრძლივი ბრძოლისთვის, ცვლილებებისთვის. 

  1. თქვენი რჩევა: საკუთარ თავს, სხვა აქტივისტებს, ნაკლებად ატქიურ მოქალაქეებს 

საკუთარ თავს ვურჩევდი, რომ არ გაჩერდეს და წინ იაროს მუდმივად, ყველა სირთულის მიუხედავად. სხვებს ვეტყოდი – გაბედეთ მეგობრებო, მხოლოდ ერთხელ უნდა ვიცხოვროთ და ცხოვრება, ღირსება, თავისუფლება და ბედნიერება ჩვენსავე ქვეყანაში გვინდა. სხვა აქტივისტებს ვურჩევდი, რომ მეტად გახსნილები იყვნენ და ჰქონდეთ სხვა ადამიანების მიმღებლობა. ვიწრო ჯგუფებში ჩაკეტვა წარსულია და მხოლოდ გაკვეთილად შეიძლება გამოგვადგეს. ვფიქრობ, როდესაც საკითხი ეხება აქტივიზმს, სამოქალაქო საზოგადოებას სიტყვაც კი გვეუბნება, რომ ეს ყველას ეხება მთლიან საზოგადოებას, ამიტომ ერთიანობა და ამ ერთიანობაში თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობის გააზრება იქნება რეალური შედეგების მომტანი. 

ნაკლებად აქტიურ ადამიანებს, რომელთაც ამდენი წელი აჯერებდნენ ხელისუფლებები, რომ მათ არაფერი შეუძლიათ მინდა ვუთხრა შემდეგი: მეგობრებო თქვენ ხართ მნიშვნელოვანი, დიახ, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ საკუთარი და სხვების ცხოვრებაც. თქვენ ხართ სახელმწიფო, რადგან სახელმწიფო არის პირველ რიგში ადამიანები და არა ტერიტორია ან რაიმე სხვა. თქვენ ხართ ყველაზე მნიშვნელოვანი, თითოეული თქვენგანი და თქვენ შეგიძლიათ ეს პრივილეგია ღირსეულად ატაროთ. უბრალოდ დაიჯერეთ და გაბედეთ იცხოვროთ.

13 კითხვა აქტივისტს: ნინო ბაზიკოშვილი

ტელეფონი

ელ-ფოსტა

სამუშაო საათები

ორშ-პარ: 9:00-18:00

მისამართი

თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 73

rrg.ge © 2024.