Skip to content Skip to footer

13 კითხვა აქტივისტს: გულად ქანთარია

გულად ქანთარია – 29 წლის, იურისტი, საჯარო სამართლის მაგისტრი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. არასამთავრობო ორგანიზაცია „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“-ს გუნდის წევრი.

  1. რა არის თქვენთვის აქტივიზმი და რატომ თვლით თავს აქტივისტად?

აქტივიზმი არის მკაფიოდ და მყარად ჩამოყალიბებული სურვილი და მიზანი არსებული გარემოს უკეთესობისკენ შეცვლის შესახებ. აქტივიზმი არ შეიძლება იყოს პროფესია, ის არის სამოქალაქო პოზიცია, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა წევრებს უბიძგებს გაერთიანებისკენ საერთო იდეის, ღირებულებების და პრობლემის გარშემო. 

ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც მოითხოვს არსებული რეალობის ცვლილების სურვილს და პიროვნების ინტერესს ჩაერთოს ცვლილებების განხორციელებაში აქტიურად, არის აქტივიზმი. ვფიქრობ, რომ ქვეყენაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ეხება, გარკვეული თვალსაზრისით ყველას აქცევს აქტივისტად. 

აქტივისტი ვარ, რადგან მონაწილეობას ვიღებ მნიშვნელოვან სამოქალაქო პროტესტებში და მათ შორის, დამიგეგმავს საინფორმაციო აქცია ევროინტეგრაციის საკითხზე. აქტივისტი ვარ, რადგან გამაჩანია საკუთარი დამოუკიდებელი პოზიცია და შეხედულებები ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ-სამართლებრივ პროცესებზე და სხვადასხვა ფორმით, შესაძლებლობებით, სივრცეში და ადამიანებთან მუდმივად ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას. 

  1. როგორ მოხვდით აქტივიზმში – რა გახდა კატალიზატორი, ბიძგი – რამაც გამოიწვია თქვენი გააქტიურება და სამოქალაქო აქტივიზმში ჩართვა; 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდა. ამ დროს, ჩემს მეგობრებთან ერთად ვმუშაობდი სადამკვირვებლო ორგანიზაციაში, რომელიც თავის საქმიანობას არ ახორციელბდა, როგორც კლასიკური არასამთავრობო ორგანიზაცია. ხშირად მიწევდა გუნდთან ერთად საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრა, რომლებიც წინასაარჩევნო და უკვე არჩევნების დღეს განიცდიდნენ სხვადასხვა სახის ზეწოლას ხელისუფლების მხრიდან.

„არასტანდარტულმა“ სადამკვირვებლო მისიამ მომცა შესაძლებლობა, რომ უფრო აქტიურად მიმეღო მონაწილეობა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც ხელს შეუწყობდა არსებული მძიმე პოლიტიკური გარემოს შეცვლას. პოლიტიკური სტაბილურობა, ადამიანის ყოველდღიურობაზე ახდენს გავლენას და ეს არ არის აბსტრაქტული ცნება, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად, სადღაც შორს მოქმედებს.

  1. თქვენთვის სამოქალაქო აქტივიზმი ინდივიდუალური პოზიციაა თუ კოლექტიური საქმე? 

ორივე. როგორც აღვნიშნე, აქტივიზმი არ არის პროფესია, შესაბამისად აუცილებელი არ არის პოზიციის დასაფიქსირებლად გაერთიანებული იყო რომელიმე ორგანიზაციაში. ჩვენ ბევრჯერ გვინახავს ერთი ადამიანის სამოქალაქო წინააღმდეგობა-აქტივიზმი. თუმცა, ვფიქრობ, რომ სტრუქტურულად ორგანიზებული და საერთო მიზნის და ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანების წინააღმდეგობის მოძრაობა მეტად შედეგიანი იქნება ცვლილებებისთვის. ამავდროულად, შესაძლებელია, რომ ერთი ადამიანის აქტივიზმმა საზოგადოებაში გააღვიძოს პროტესტის გრძნობა და საერთო პრობლემის მოსაგვარებლად შეიქმნას სოლიდარობის მოძრაობა სამოქალაქო და პოლიტიკური ცვლილებებისთვის.

  1. პირველი პროტესტი – ფაქტები და გარემოებები, თქვენი შეგრძნებები, შეფასებები; 

ეს არ იყო პირველი პროტესტი, მაგრამ იყო ყველაზე დასამახსოვრებელი. 2020 წელს ცენტრალური საარჩევო კომისიის შენობასთან ათობით ადამიანი შეიკრიბა გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად. აქციის მონაწილეებში იგრძნობოდა ცვლილებების სურვილი, ერთიანობა და დიდი მუხტი. როდესაც წყლის ჭავლით დაშალეს აქცია, მე და ჩემი მეგობრები წინა ხაზში ვიდექით და შეუპოვარი ერთიანობით ვცდილობდით ჩვენი პოზიციის ბოლო წამამდე დაფიქსირებას, მიუხედავად სახელმწიფოს არაპროპორციული ძალის გამოყენებისა. საოცარი შეგრძნება იყო ბევრი ადამიანის ერთად ხილვა, ადამიანებისა, რომლებმაც იცოდნენ რა უნდოდათ და რისთვის იბრძოდნენ.

  1. ნოვატორული იდეა, რომელიც თქვენ დანერგეთ /განახორციელეთ ან რომლის თანამონაწილე იყავით. იდეა, რომელიც ვერ განხორციელდა?

მას შემდეგ, რაც საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, აუცილებელი გახდა, საზოგადოებას ერთიანობით მოეთხოვა ხელისფლებისგან აქტიური და პოზიტიური ნაბიჯების გადადგმა ამ მნიშვნელოვანი პროცესის ეფექტურად გამოყენებისთვის. ჩემი ინიციატვით შეიქმნა „ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა ქსელი“, რომელიც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს აერთიანებს საერთო ღირებულებების გარშემო. ქსელის ეგიდით 2022 წლის 25 სექტემბერს პარლამენტის წინ გაიმართა საინფორმაციო ღონისძიება 12 პუნქტთან დაკავშირებით. ასევე, ქსელი გეგმავს, რომ საქართველოს მასშტაბით 50 მუნიციპალიტეტში, 100 ოჯახში მივიდეს და პირადად აუხსნას საქართველოს მოქალაქეებს იმ სიკეთეების შესახებ, რაც თან სდევს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

  1. „ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ:

 აქტივიზმი დაშორდებოდა ხალხს და გახდებობდა პროფესია და გამდიდრების წყარო. 

  1. შეიცვალა თუ არა რამე  თქვენს ცხოვრებაში აქტივიზმში ჩართვის შემდეგ? როგორ იმოქმედა ოჯახის, სამსახურის, მეგობრების ურთიერთობებზე?

ბევრი რამ შეიცვალა. პირველ რიგში გავიცანი საინტერესო ადამიანები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული ხედვები ქართული აქტივიზმის თუ პოლიტიკის შესახებ. შევიძინე მეტი მეგობარი და თანამებრძოლი. ადამიანები გულშემატკივრობენ იმ საქმეს, რომელსაც ვაკეთებ მეგობრებთან ერთად. აქტივიზმში ჩართვამ უფრო დამაახლოვა ადამიანებთან, რომლებიც სხვადასხვა სფეროში არიან დასაქმებული, მაგრამ აქტიურად არ ერთვებიან პროტესტში. ამ ადამიანებთან ხშირად ვსაუბრობ იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც დღეს დგას ქართული აქტივიზმის, პოლიტიკის, სახელმწიფოს თუ საზოგადოების წინაშე. აქტივიზმში ჩართვამ ასევე გამოიწვია ადამიანების დაშორება, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა სახის შიშით, განსაკურებით კი სამსახურის დაკარგვის შიშით, ეს ეხება უმეტესწილად იმ ადამიანებს, რომლებიც საჯარო სამსახურში არიან დასაქმებულები.

  1. თქვენი ყველაზე დიდი მიღწევა და ყველაზე დიდი შეცდომა. სხვა აქტივისტების/აქტივისტთა ჯგუფების მიღწევა და შეცდომა?

ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ ვმუშაობ მოსწავლეებთან, რომლებიც თავისუფალი საქართველოს და თავისუფლების მოყვარულები არიან. ადამიანებთან, რომლებმაც კარგად იციან საკუთარი უფლებები და მოვალეობები და გააზრებული აქვთ ზღვარი , რომლის გადაკვეთაც სხვისი უფლებების დარღვევას ნიშნავს.

  1. ყველაზე ამაღელვებელი მომენტი

როდესაც მივიღე შემოთავაზება კითხვარში მონაწილეობის შესახებ, მხოლოდ ამის შემდეგ დავფიქრდი იმაზე ნამდვილად ვიყავი თუ არა აქტივსტი.  გამიხარდა ყურადღება, რომელიც თქვენმა გუნდმა გამოხატა ჩემი აქტივისტური საქმიანობის მიმართ. ვფიქრობ, რომ სწორ დროს, სწორ საქმეს ვაკეთებ და ეს თქვენს მიერ გამოჩენილი ინტერესითაც დასტურდება.

  1. ყველაზე სასაცილო შემთხვევა/თავგადასავალი
  2. რისი გეშინიათ

მეშინია, რომ ერთ დღესაც ადამიანები დაიღლებიან ისეთი აქტივიზიმით, რომელიც ძალიან დაშორდა საზოგადოებრივ ინტერესებს და აღარ გამოთქვამენ სურვილს მონაწილეობა მიიღონ პროტესტში საკუთარი და საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

  1. რას ნანობთ

ვნანობ იმას, რომ ზოგჯერ უფრო მეტი რამის გაკეთება შემეძლო, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორების გამო ვერ შევძელი. იმედი მაქვს დღეიდან უფრო ცოტა რამ იქნება სანანებელი და მეტი შედეგიანი პროტესტი დაგროვდება „აქტივში“.

  1. თქვენი რჩევა: საკუთარ თავს, სხვა აქტივისტებს, ნაკლებად ატქიურ მოქალაქეებს. 

შევძლო მეტი დროის დათმობა აქტივიზმისთვის. სხვებს ვურჩევ, რომ გახსნან ჩაკეტილი კარები, იყვნენ მზად დიალოგისთვის და მსჯელობისთვის სხვა სამოქალაქო ჯგუფებთან და ნუ ჩაიკეტებიან მცირე წრეში. ნაკლებად აქტიურ მოქალაქეებს ვურჩევ, რომ მიმოიხედონ ირგვლივ, შეამჩნიონ მათ გარშემო არსებული პრობლემები და ამოიღონ ხმა უკეთესი გარემოს შესაქმნელად.

rrg.ge © 2024. 

 - 
Arabic
 - 
ar
Bengali
 - 
bn
German
 - 
de
English
 - 
en
French
 - 
fr
Hindi
 - 
hi
Indonesian
 - 
id
Portuguese
 - 
pt
Russian
 - 
ru
Spanish
 - 
es