Skip to content Skip to footer

განცხადება – დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნისათვის ხელის შეშლა საპარლამენტო საქმიანობის საბოტაჟით სრულად სცილდება დემოკრატიის პრინციპებს.

ამ ქმედებით ქართული ოცნება ხაზს უსვამს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის არსებობა არ წარმოადგენს ხელისუფლების ამოცანებს და პირიქით იგი ხელს უწყობს საკითხის მიმართ მაქსიმალური ბუნდოვანებისა და ეჭვების არსებობას, მაშინ როდესაც მუდმივად ისმის სასამართლოში კლანის არსებობის შესახებ და ამ კლანის წევრი მოსამართლეების მხრიდან დაუსაბუთებელი, მიკერძოებული და არასამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების თაობაზე.

მიგვაჩნია, რომ ქართული ოცნების ეს ნაბიჯი ემსახურება სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის მხარდაჭერას, კლანის ლიდერთა მიმართ კეთილგანწყობის გამოხატვას და მას არანაირი კავშირი არ აქვს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასთან.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და სასამართლო სისტემის ინსტიტუციური გადარჩენისათვის ყველაფერი გააკეთოს, რომ მოხდეს სასამართლო სისტემაში სავარაუდო კორუფციის ფაქტების შესახებ არსებული ვარაუდების დადგენა და საზოგადოებას მიეწოდოს ობიექტური ინფორმაცია აღნიშნული პროცესების შესახებ.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დამოუკიდებელი, გავლენებისგან თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო სისტემის არსებობა ქვეყნის დემოკრატიის საფუძველია და პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესთან.

რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას.

rrg.ge © 2024.